logo
ENG



ოპოზიციონერების და აქტივისტების სახეები ცოცხებზე - "ოცნების" მხარდამჭერების აქცია ბათუმში

04 აპრ 202120:03
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/04/h3a7z7etrz7jp8h.png

ქართული ოცნების აქტივისტებმა ბათუმში "ცოცხების აქცია" გამართეს - მათი განცხადებით, ეს არის კონტრაქცია და პასუხი მოძრაობა სირცხვილიას მიერ გუშინ გამართულ დაუმორჩილებლობის წვეულებაზე. 

აქციის მონაწილეებმა მოძრაობა სირცხვილიას და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ოფისებთან სტიკერები გააკრეს. ენმ-ის ოფისთან მათ გამოჩენას ხმაური მოჰყვა. 

„არცერთი ქართული ოცნების მხარდაჭერი არ მისულა მათ ოფისში და არ მიუყენებია შეურაცხყოფა. 4-5 ბავშვი რატომ დაწანწალებს ასე ქუჩაში, თუ მხარდაჭერა არ აქვთ. მივმართავთ მთელ ოპოზიციურ სპექტრს, ვინც თამაშობს მიხეილ სააკაშვილის თამაშს. ახლა ვნახოთ, სტიკერი როგორ უნდა და ვის ოფისს ვინ როგორ დალუქავს, და ვის მხარდაჭერებს ვინ როგორ შეაშინებს და უწოდებს მონას.

ამოგვივიდა უკვე ყელში ნაციონალური მოძრაობის საქციელი. რისი ღირსიც არიან, ის გამოვხატეთ - ცოცხებით აუპატიურებდნენ ხალხს და ანალოგიურად ვუპასუხეთ. მეტის ღირსი არ არიან", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ კონტრაქციის მონაწილეთა უმრავლესობა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანია და პარტიულ დავალებებს ასრულებს.

„აქ ბევრი იყო საჯარო სამსახურის წარმომადგენელი. დროა ვისაუბროთ სახელებით, ნომრიანი სუს-ის აგენტიც კი იყო. მთავარი კითხვა იყო ჩემი, რა პრეტენზია ჰქონდათ, მაგრამ არ აქვთ პასუხი. გვინდა თორნიკე რიჟვაძეს მივმართო - საჯაროდ ვისაუბროთ, რატომ უშვებთ ამ ადამიანებს და უწყობთ აქციებს ოპოზიციას", - ამბობენ ენმ-ის ოფისში.

კომენდანტის საათის გასაპროტესტებლად მოძრაობა სირცხვილიამ ბათუმში დაუმორჩილებლობის წვეულება 3 აპრილს მოაწყო. აქტივისტების თქმით, წვეულება პოლიციამ დაშალა და რამდენიმე აქტივისტი დააკავა. 


close დახურვა